ქართლური დიალექტი
ქართლური დიალექტი — ქართული ენის ქართლური კილო (დიალექტი).
ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია ქართული ენისა. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება ქართლის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ მცხეთა და შემდეგ თბილისი. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც ბოლნისის სიონსა და მცხეთის ჯვრის საყდარზე (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როდესაც თბილისი მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არაერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ ქართლის მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
ამგვარად, ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება ძველი ქართული სალიტერატურო ენა. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით. ახალი ქართული ენის სათავეები გვაქვს XII საუკუნიდან (იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც (გიორგი მთაწმიდლისა და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით XVIII საუკუნემდე. XVIII საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის ნაწერები.
ახალი სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბებაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თერგდალეულებს ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, აქტიურ მონაწილეობას იღებს კახურიც. შეიძლება ითქვას, რომ ძველი სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე, ხოლო ახალი ქართული სალიტერატურო ენა მიღებულია ძველი ქართულის გადამუშავების შედეგად ქართლ-კახეთის ცოცხალი მეტყველების საფუძველზე.
გავრცელების არე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება კახეთიდან იმერეთამდე, ე.ი. არაგვისა და მტკვრის ხეობიდან ლიხის მთამდე. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: დუშეთის, მცხეთის, ნაწილობრივ სამგორის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, კასპის, გორის, ზნაურის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
- ვ. თოფურია, ქართლური, "არილი", ივ. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ტფილისი, 1920.
- ვ. თოფურია, ზმნის ზოგიერთი თავისებურება გომარულში, ჩვენი მეცნიერება, III, ტფილისი, 1924.
- გრ. იმნაიშვილი, არაგვის ხეობის ქართლური, იკე, ტ. IV, თბილისი, 1952.
- გრ. იმნაიშვილი, ბორჯომის ხეობის ქართლურის თავისებურებანი, იკე, ტ. VIII, თბილისი, 1956.
- გრ. იმნაიშვილი, ქართლური დიალექტის ნაირსახეობანი, იკე, ტ. IX-X, თბილისი, 1958.
- ო. კახაძე, ატენისა და წედისის ხეობის ქართლური, იკე, ტ. IX-X, თბილისი, 1958.
- ალ. ღლონტი, ქართლური ზღაპრები და ლეგენდები, თბილისი, 1948.
- გრ. იმნაიშვილი, ქართლური დიალექტი, თბილისი, 1974.
- ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
- არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1952.
- არნ. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, ენიმკის მოამბე, II, 1., ტფილისი, 1937.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველური ენები – ქართული ენის ქართლური კილო დაარქივებული 2008-02-12 საიტზე Wayback Machine.
|